საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამისამართო სამსახურმა თერჯოლაში საველე სამუშაოები დაასრულა 0


თერჯოლის მუნიციპალიტეტში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამისამართო სამსახურის საველე ჯგუფმა სამუშაოები დაასრულა. ოჯახებმა, რომლებიც დამისამართებაში არსებული ხარვეზების გამო ვერ სარგებლობდნენ სხვადასხვა სამოქალაქო სერვისით, პრობლემის მოსაგვარებლად მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართეს.

საკითხს იუსტიციის სამინისტროში თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ნინო ჯანელიძემ გაუწია ინიცირება. რის შემდეგაც სამინისტროს მობილური ჯგუფი ეწვია მუნიციპალიტეტს საველე სამუშაოების ჩასატარებლად. ჯგუფის მუშაობის დასრულების შემდეგ თერჯოლის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში დამისამართების გარეშე დარჩენილი მოქალაქეები შეძლებენ სასურველი სერვისების მიღებას. ამ ეტაპზე სამუშაოებმა მოიცვა სოფელი ზედა სიმონეთი, ქვედა სიმონეთი და ბარდუბანი.

საველე ჯგუფი მონაცემთა დამუშავების შემდეგ განახორციელებს გეოგრაფიული ობიექტების და არსებული მისამართების იდენტიფიცირებას.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამისამართო სამსახურის მენეჯერი გიორგი ტაბატაძე: „ჩვენ ჩამოვედით საკრებულოს წერილის საფუძველზე, რომლითაც შევიტყვეთ, რომ რამდენიმე ოჯახს შეექმნა პრობლემა მისამართებთან დაკავშირებით. სხვადასხვა ლოკაციაზე შევასრულეთ საველე სამუშაოები და ადგილზე, რუკებზე დავაიდენტიფიცირეთ ამ მოქალაქეების ადგილმდებარეობა. ამის შემდეგ განხორციელდება მასალების ელექტრონულად გადამუშავება და დოკუმენტები გადმოეგზავნება საკრებულოს, შესაბამისად მოქალაქეები  შეძლებენ ისარგებლონ თავიანთი უფლებამოსილებებით“.

15 თებერვალს საველე ჯგუფის მუშაობის პროცესს ადგილზე დაესწრნენ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ჯანელიძე; მოადგილე ნოდარ ფანჩულიძე; საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე იმედა რობაქიძე; საკრებულოს წევრი, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი გიორგი ფანჩულიძე და ზედა სიმონეთის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ქასრაშვილი.

 

15.02.2018

Share

Comments are closed.