თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თებერვლის თვის ანგარიში 0

ძვირფასო თერჯოლელებო მე, როგორც თერჯოლის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე, თქვენდამი ანგარიშვალდებულების გამო წარმოგიდგენთ ტრადიციულ, თებერვლის თვის ანგარიშს.

 

 მეოთხე მოწვევის საკრებულომ თებერვლის თვეში ბიუროსა და საკრებულოს მორიგი სხდომა გამართა. საკითხების გათვალისწინებით, ასევე გაიმართა კომისიების შესაბამისი, პროფილური სხდომები.

 საკრებულოს მორიგ სხდომაზე 17 საკითხი დავამტკიცეთ. გავზარდეთ სახლდაზიანებულთა პროგრამას დაქვევმდებარებული ბენეფიციარების დაფინანსება: რიგ შემთხვევაში, ისინი 1000 ლარამდე თანხას მიიღებენ. ასევე გავამარტივეთ პროცედურა: ოჯახს, რომელსაც არ გააჩნია საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი, დახმარება შეიძლება გაეწიოს იმ ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელის მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე, სადაც ცხოვრობს.

 ქირავნობებთან დაკავშირებით განისაზღვრა ახალი რეგულაციები, რომლის ამოქმედებითაც მუნიციპალიტეტი მიიღებს გარკვეულ შემოსავლებს.

 წერილით მივმართეთ განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს, სოფელ სიქთარვის სკოლასთან დაკავშირებით. ადგილზე ვიზიტისას მივიჩნიეთ, რომ სიქთარვის საჯარო სკოლაში, რომელიც ამჟამად ადმინისტრაციული შენობის პირველ და მეორე სართულზე არსებული ცხრა ოთახით სარგებლობს, სასწავლო პროცესის წარმართვა, შესაძლოა, არ იყოს უსაფრთხო. სწორედ ამაზე ყურადღების გამახვილება ვთხოვეთ მინისტრს, რათა მოხდეს საკითხის შესწავლა და სასწავლო პროცესის უსაფრთხოდ წარმართვაზე პასუხისმგებლობის აღება.

 მივმართეთ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარეს გიორგი სეთურიძეს, რათა მოხდეს თბილისი-ბათუმის დამაკავშირებელი ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის დროს თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფლების ბარდუბნის, ქვედა სიმონეთის, ეწერის, ღვანკითისა და სიქთარვის გადასასვლელების, პირუტყვის გადასარეკების ჩასასვლელ-ამოსასვლელების მოწესრიგება. საგზაო დეპარტამენტიდან მივიღეთ სიტყვიერი დაპირება, რომ აღნიშნული სამუშაოები მარტის პირველ რიცხვებში დაიწყება.

 შევქმენით სამუშაო ჯგუფი, რომელიც მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობასა და არსებული ხარვეზების გამოსწორებაზე მუშაობს. გაიმართა რამდენიმე სხდომა. შეხვედრებზე მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად სოფლების წყალმომარაგების პრობლემის მოგვარებაზე ვიმსჯელეთ, უკვე დაწყებულია გარკვეული სამუშაობი სოფელ კვახჭირში, ბარდუბანსა და სიქთარვაში.

 ჩვენი მიმართვის საფუძველზე თერჯოლაში ჩამოვიდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამისამართო სამსახურის მობილური ჯგუფი, რომელმაც მუნიციპალიტეტში რამდენიმე დღე იმუშავა. ჩატარებული სამუშაოების შედეგად მოქალაქეებს მალე მიეცემათ შესაძლებლობა, ისარგებლონ მათთვის სასურველი სამოქალაქო უფლებამოსილებებით.

 თერჯოლა-ტყიბულის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის ელგუჯა გოცირიძის ჩართულობითა და საერთაშორისო ასოციაციის „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ თანადგომით, თერჯოლის მუნიციპალიტეტში განსაკუთრებული საჭიროების მქონე 24 პირს ეტლები უსასყიდლოდ გადავეცით.

 ადგილზე გავეცანით სოფელ ნავენახევის გაზიფიცრების პროცესს. გაზაფხულზე სოფელი სრულად იქნება უზრუნველყოფილი ბუნებრივი აირით.

 დავესწარით მოსწავლე-ახალგაზრდობის „თვითმმართველობის დარბაზის“ სხდომას, რომელიც მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაიმართა. ახალგაზრდებს შევთავაზეთ ჩვენთან თანამშრომლობა, რათა ისინიც ჩაერთონ თვითმმართველობის განხორციელების პროცესში.

 ტრადიციულად, შევხვდით ფრაქციებისა და კომისიების თავმჯდომარეებს და ვიმსჯელეთ აქტუალურ საკითხებზე.

 

ნინო ჯანელიძე

 

 

 

Share

Comments are closed.