ფლორა და ფაუნა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორია ფლორის მრავალფეროვნებით გამოირჩევა, მცენარეული საფარი თერჯოლაში კოლხური ტიპისაა. ტყეები შემორჩენილია უმთავრესად ოკრიბა-არგვეთის ქედზე. უტყეო და დაუმუშავებელი ადგილები არგვეთის ქედის კალთებზე უკავია მდელოს, რომელიც სათიბ-საძოვრადაა გამოყენებული. აქ ვხვდებით მცენარეთა იმ სახეობებს, რომლებიც თერჯოლაში არსებული ბუნებრივი კლიმატური პირობების მსგავს გარემოში იზრდებიან: მუხას, წიფელს, ცაცხვს, კავკასიურ ძელქვას (როგორც ჩანს, თერჯოლის ტერიტორიაზე ფართოდ ყოფილა გავრცელებული, ამის დამადასტურებელია დრემდე შემონახული კორომები), წყავს, ბზას, ლიანებს, ტირიფს, მურყვანს, სოფელ გოგნში გავრცელებულია ხის უნიკალური ჯიში უთხოვარი.

თერჯოლა საინტერესოა ეკოტურიზმით დაინტერესებული ნებისმიერი ადამიანისათვის, რადგან აქ არის შემორჩენილი ჯერ კიდევ ხელუხლებელი ტყის მასივები. თერჯოლის ტყეებში ბინადრობს: მგელი, კავკასიური კვერნა, მაჩვი, ტურა, მგელი, კურდღელი, ტყის თაგვი, დედოფალა, იშვიათად წავი.

შიდა წყლები

თერჯოლის მუნიციპალიტეტში მდინარეთა ხშირი ქსელია. მთავარი მდინარეა ყვირილა, რომელიც იმერეთის დაბლობს კვეთს აღმოსავლეთიდან დასავლეთით. მისი ყველაზე დიდი შენაკადია მარჯვნიდან–ჩოლაბური. ჩოლაბურს მარჯვნიდან უერთდება წყალუხვი მდინარე ძერული (ძევრულა). სხვა მდინარეებიდან აღსანიშნავია: ბუჯა,მაძარულა,ძუსა,ვარხმელა, ხმორდოლა, ჩხარა, ხაუჩა, ქვერუნა, როკიანისღელე, ჭიშურადაწყალწითელა. თერჯოლის მუნიციპალიტეტის მდინარეები ძირითადად საზრდოობენ წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშაწყლით. წყალდიდობა გაზაფხულზეა, წყალმცირეობა – ზაფხულსა და შემოდგომის დასაწყისში. მდინარე ძევრულაზე აგებულია ჰესი, ნაწილობრივ გამოყენებულია სარწყავად.