ისტორია

ქალაქ თერჯოლის, როგორც ადმინისტრაციული ცენტრის ისტორია, სულ 6 ათეულ წელს ითვლის. გადმოცემის თანახმად ძველად ეს ტერიტორია დაფარული იყო ხშირი ტყის ზოლით, რომელიც „სატურიად” იწოდებოდა. ისტორიულ წყაროებსა და ეტიმოლოგიას თუ დავეყრდნობით, სახელი თერჯოლა თეთრ ბჟოლას (ანუ თუთას) უნდა ნიშნავდეს, სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით, „თუთა სხვათა ენაა, ქართულად ჟოლი ანუ ჟოლა ჰქვიან”. უნდა ვივარაუდოთ, რომ თერჯოლის სახელწოდებაში მცენარის პირვანდელი სახელწოდებაა შემორჩენილი.

თერჯოლის არსებობის ისტორია შორეულ წარსულშია საძიებელი, ამ აზრის დასტურად ისტორიაში კარგად ცნობილი საკაჟიასა (სოფელი გოდოგანი) და საგვარჯილეს (სოფელი ძევრი) გამოქვაბულთა დასახელებაც კმარა. მეცნიერულად დადასტურებულია ის ფაქტი, რომ ზემოთ დასახელებული გამოქვაბულები ქვის ხანის ადამიანთა საცხოვრისს წარმოადგენდა. აქ მათი ცხოვრების კვალს არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი მდიდარი მასალა ადასტურებს. მოკვლეულ არქეულოგიურ მასალებსა და საისტორიო წყაროებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ აბორიგენი მოსახლეობა აქ უძველესი დროიდან ცხოვრობდა, ისინი მისდევდნენ მესაქონლეობას, მიწათმოქმედებას, მებაღეობას, მევენახეობას. ანტიკური პერიოდისათვის (ძველი წელთაღრიცხვის მესამე და ახალი წელთაღრიცხვის მეოთხე საუკუნეები) კი საკმაოდ განვითარებული ჩანს ვაჭრობა და ხელოსნობა, რომლის ცენტრებსაც წარმოადგენდნენ ძველი ქალაქები: ციხურა, ძევრი, ჩხარი, უფრო მოგვიანებით კი მათ რიცხვს ჩიხორიც შეემატა.

თერჯოლის ისტორიულ წარსულში ორი ქალაქი ჩიხორი და ჩხარი დომინირებს. ეს ორი ქალაქი ისტორიული კოლხეთის, შემდეგ კი ეგრის-ლაზიკის სამეფოს პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურ როლს ასრულებდა.

აქ ხდებოდა ორი ქართული სამეფოს- იბერიისა და კოლხეთის კულტურულ-ეკონომიკური შეხვედრა, სწორედ ამ ფაქტმა მხარეს განსაკუთრებული თავისებურება შესძინა.

საქართველოს ისტორიაში კარგად არის ცნობილი V საუკუნის ხუროთმოძღვრული ძეგლი სკანდას ციხე, რომელიც მნიშვნელოვან სტრატეგიულ პუნქტს წარმოადგენდა დასავლეთისა და აღმოსავლეთის გზაჯვარედინზე. აქ გადიოდა დიდი სავაჭრო საქარავნო „აბრეშუმის გზა” (გზის ეს ნაწილი გადიოდა შემდეგ პუნქტებზე: ქუთაისი-სიმონეთი-ძევრი-ჩხარი-სკანდა-ჩიხორი-ქვაციხე-კორბოული), რომლის ადმინისტრაციული ერთეული გახლდა ჩხარი. იმდენად ცნობილი იყო ამ ქალაქის სახელი, რომ მისი ზეგავლენით მთელ მხარეს „ჩხარის ქვეყანასაც” უწოდებდნენ.

ჩხართან ერთად მნიშვნელოვან ქალაქს წარმოადგენდა ქალაქი ჩიხორი, რომელიც მდინარე ძუსის მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 300 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობდა. აქ ფეოდალურ ხანაში განვითარებული იყო ვაჭრობა-ხელოსნობა.

ჩიხორის მიდამოებში 1463 წელს გაიმართა ბრძოლა ერთიანი საქართველოს მეფე გიორგი მერვესა და მის წინააღმდეგ აჯანყებულ იმერეთის მეფე ბაგრატ მეექვსეს შორის. ისტორიულ წყაროებში ამ ბრძოლის შესახებ ვკითხულობთ: „ხოლო მეფე გიორგი და ბაგრატი ეწყუენენ ჩიხორს. ურთირთსა და ძლიერსა ბრძოლითა მოსწყდნენ მრავალნი იმერნი და ამერნი. შემდგომად იძლია მეფე გიორგი და ივლტოდა ქართლს, მაშინ ბაგრატ დაიპყრა იმერეთი, აღიღო ქუთათისი და ეკურთხა მუნ მეფედ”(ქართლის ცხოვრება).

XVI-XVII საუკუნეებში ქალაქებში მოსახლეობა მნიშვნელოვნად შემცირდა. მუდმივმა ომიანობამ და მისმა თანამგზავრმა ეპიდემიამ მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ფიზიკურად გაანადგურა. მემატიანე მოგვითხრობს, რომ XVII საუკუნეში ჩხარსა და ჩიხორში მოსახლეობა კატასტროფულად შემცირებულა. ეს მას შემდეგ მომხდარა, რაც ლევან მეორე დადიანმა (1611-1657 წწ) არაერთგზის დალაშქრა იმერეთი და კერძოდ ქალაქები: ჩხარი და ჩიხორი. ერთ-ერთი ლაშქრობის დროს სამეგრელოს მთავარმა გადაწვა ჩიხორი დაანგრია ჩხარი, მიწასთან გაასწორა სოფლები. 1646 წლის თებერვალში სამეგრელოს მთავარს ჩხარში მცხოვრები ვაჭრები აუყრია, 4-5 ათეული კომლი რუხს დაუსახლებია, რათა იქ ვაჭრობა განევითარებინა. ამ მოვლენამ უარყოფითი გავლენა მოახდინა ჩხარისა და ჩიხორის განვითარებაზე.

XVIII საუკუნის 30-იან წლებში დადიანის მიერ განადგურებული ეს ქალაქები აღდგნენ და კვლავ ქალაქებად ითვლებოდნენ.

იმერეთს, რომლის ნაწილს თერჯოლის რაიონი წარმოადგენს, ასე ახასიათებს ვახუშტი ბატონიშვილი: „ფრიად ნაყოფიერი ყოვლითა მარცვლითა, ხილნი ტყეთა შინაცა მრავალნი, პირუტყვნი მრავალნი, ვენახი დაბლარნი და ღვინო კეთილი, კაცნი და ქალნი მშვენიერნი, …- მომჭირნე მუშაკნი, სტუმართ მოყვარულნი.”

1801 წლის 12 სექტემბრის მანიფესტით აღმოსავლეთ საქართველო მეფის რუსეთის მიერ იქნა ანექსირებული. 1810 წელს სამეფო ხელისუფლება გაუქმდა იმერეთის სამეფოში. იმერეთის სტრატეგიულ პუნქტებში რუსული სამხედრო ნაწილები ჩააყენეს, 1810 წლის ივნისში მთელი იმერეთი აჯანყდა, 1810 წლის ბრძოლებისა და შემდგომი წლების სტიქიურ უბედურებათა შედეგად მნიშვნელოვნად დაზარალდა იმერეთის მეურნეობა და შემცირდა მოსახლეობა. 1819 წლის ივნისში იმერეთში მეორედ დაიწყო აჯანყება, ამ აჯანყების დროს ჩხარი, ისევე როგორც იმერეთის ბევრი სოფელი, დიდათ დაზარალდა. საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში დახვდა ჩხარი ფრანგ მოგზაურს გამბას 1823 წელს. იგი მოგვითხრობს: „1820 წელს ჩხარი შეიარაღებული აჯანყების კერას წარმოადგენდა. ჩხარის ეპისკოპოსი, რომელიც ამ მაზრაში სამოქალაქო და სასულიერო ხელისუფლებას ითავსებდა, ამ აჯანყების ერთ-ერთ მეთაურად ითვლებოდა, ამიტომ რუსმა ჯარისკაცებმა შური იძიეს ქალაქზე და გადაწვეს იგი. აქ ახლა მხოლოდ ასიოდე ხისგან ნაგები სახლია და 20-30 დუქნისაგან შემდგარი ბაზარი, სადაც ცოტაოდენი ცვილი, თაფლი, ტყავი, მარილი, ბეწვი და ჩვეულებრივი ტილო იყიდება” (გამბა, 1987 გვ.189).

XIX საუკუნის მეორე ნახევრამდე ჩხარი ოლქის ცენტრია. იმერეთის მაზრებად დაყოფის შემდეგ, კი იგი შორაპნის მაზრას დაუქვემდებარეს რაიონის ცენტრის სტატუსით. 1886 წლის აღწერით ჩხარის რაიონში შედიოდა 28 სოფელი 4471 კომლითა და 28432 მცხოვრებით.

1929 წელს, მაზრების გაუქმების შემდეგ კი იგი კვლავ რაიონული ცენტრია, რომელიც ახალი ტერიტორიული მოწყობით აერთიანებდა 30 სოფელს და ერთ დაბას 7455 კომლითა და 38746 მცხოვრებით.

საქართველოს სსსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი 1950 წლის 5 სექტემბრის დადგენილებით რაიონული ცენტრი თერჯოლაში გადაიტანეს და შესაბამისად რაიონს თერჯოლის რაიონი ეწოდა.

დღეისათვის თერჯოლის მუნიციპალიტეტში შედის 45 სოფელი და ერთი ქალაქი, რომელიც გაერთიანებულია 19 ადმინისტრაციულ ერთეულში.