გოგნი

გოგნი — სოფელი თერჯოლის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს იმერეთ-არგვეთის სერზე, მდინარე ქვერუნის (ძევრულის მარცხენა შენაკადი) ზემოთში. ზღვის დონიდან 500 მეტრი, თერჯოლიდან 12 კილომეტრი. სოფელში არის საჯარო სკოლა.

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 448 ადამიანი.

თამარ მეფის 1188 წლით დათარიღებულ სიგელში მოხსენიებულია გოგნის ციხისთავი. 1778წელს მეფე სოლომონ I-ის მეუღლემ მარიამ დედოფალმა გოგნში ააგო ღვთისმშობლის მიძინების ქვითკირის ეკლესია და დააფუძნა მონასტერი გოგნის უდაბნო. სოფლის ჩრდილოეთით 3 კილომეტრში შემორჩენილია ბერციხის ნანგრევები. სოფლის დასავლეთით, მაღალ გორაზე დგას გვიანდელი შუა საუკუნეების წმინდა გიორგის სახელობის ქვითკირით ნაშენი ერთნავიანი ეკლესია, რომელსაც ლეგენდის გამო დღემდე „კარუგდებლად“ მოიხსენიებენ. მას გარს აკრავს ურთხელის ტყე და გამოქვაბულები. შესასვლელი დასავლეთიდან აქვს, ინტერიერში ქვაზე გამოქანდაკებულია მაცხოვრის ამაღლების სცენა (დაზიანებულია). მის მიმდებარედ შენდება ახალი მონასტერი, რომელიც ასევე წმინდა გიორგის სახელობისაა.